მეჩვენება, რომ ეს პროვოკაციისთვისაა შექმნილი, რათა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირთან დაკავშირებით აშშ-ში გამოხატულ კრიტიკას, მათ შორის ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კრიტიკულ პოსტებს.
“ვიცით, რომ ეს სასაცილოა, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რასაც ისინი ევროკავშირზე ამბობენ. თავისუფლებებთან დაკავშირებული კრიტიკა სხვა მხარეს უნდა იყოს მიმართული. ალბათ, რუსეთისკენ, სადაც დისიდენტობა აკრძალულია, სადაც თავისუფალი მედია აკრძალულია, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც X-ი თუ Twitter-ი, ფაქტობრივად, ასევე აკრძალულია. თუ თითის გაშვერას დავიწყებთ, ჩვენც შეგვიძლია ბევრი თითის გაშვერა იმისკენ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ეს ჩვენი მუშაობის წესი არ არის, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩავერევით,” – აღნიშნა კალასმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტშია ევროპელ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც ომის მიმართ არარეალური მოლოდინები აქვთ. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ერების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის უპირობო აღნიშვნის მხარდაჭერა