აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემას ითხოვდა და ამით ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა. ამის შესახებ Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, დისკუსია დასრულდა ტრამპის პოზიციით „შეთანხმება იქ, სადაც ვართ“ – ანუ კონფლიქტის გაყინვა არსებული გამყოფი ხაზების გასწვრივ.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი უბრალოდ უნდა დარჩნენ იქ, სადაც არიან.დაე, ისე გაიყოს, როგორც არის. ის ახლა გაყოფილია. ვფიქრობ, მიწის 78% უკვე რუსეთის მიერ არის მიტაცებული “, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე კვირას, 19 ოქტომბერს.
ტრამპმა დასძინა, რომ მხარეები შეიძლება „რაღაცაზე მოგვიანებით შეთანხმდნენ“, რაც მომავალში მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მიანიშნებს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარისთვის იმედგამაცრუებელი იყო. ზელენსკი იმედოვნებდა, რომ ამერიკის ლიდერს დაარწმუნებდა კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაში, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმა შეუძლიათ. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კვირას განაცხადა, რომ ტრამპს ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
რამდენიმე წყაროს ცნობით, საუბარი დიპლომატიურისგან შორს იყო. კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტრამპს ფრაზა „განადგურება“ არ გამოუყენებია, თუმცა ორივემ დაადასტურა, რომ ტრამპმა რამდენჯერმე მიმართა არანორმატიულ ლექსიკას.
წყაროებმა აღნიშნეს, რომ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ტრამპის პოზიციაზე დიდი გავლენა მოახდინა წინა დღეს ვლადიმირ პუტინთან საუბარმა.
Financial Times-ის ცნობით, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ რუსეთის პირობები მიეღო და გააფრთხილა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის “განადგურებით” დაემუქრა, თუ ის ამ პირობებს არ შეასრულებდა.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამ ტერიტორიის დათმობა უკრაინის დანარჩენ ნაწილს რუსეთის შემდგომი თავდასხმების მიმართ გაცილებით დაუცველს გახდის, რაც „თვითმკვლელობის“ ტოლფასი იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ყველაზე აგრესიულად ითხოვდა უკრაინული მხარის მიერ რუსეთის წინადადებაზე დათანხმებას.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის აპელირებდა იმაზე, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულენოვანია