ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან “უბრალოდ დალაპარაკება” სურს და ფიქრობს, რომ “სამი სლავური სახელმწიფოს მეთაურები” უნდა დასხდნენ და “ამ გაუგებარი ომის დასრულების შესახებ” მოილაპარაკონ.
“ვისურვებდი, რომ სანამ ის [ზელენსკი] პრეზიდენტ პუტინს შეხვდება (ეს მას სურს და, როგორც იცით, ყველა არხით განაცხადა და უკვე საჯაროდაც), ვისურვებდი, რომ მას უბრალოდ დაველაპარაკო. […] მე მისთვის სათქმელი მაქვს. ვფიქრობ, დადგა ის დრო, როდესაც კონსულტაცია უნდა დავიწყოთ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში მე ვამბობდი, რომ ჩვენ, სამი სლავური სახელმწიფოს მეთაურები, უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. მოვილაპარაკოთ ამ გაუგებარი ომის დასრულების შესახებ. უნდა მოვილაპარაკოთ, თუ არ მოვილაპარაკებთ, ყველასთვის ცუდი იქნება.
ვლადიმირ ალექსანდროვიჩი უნდა დაწყნარდეს, მაგიდაზე კარგი შეთავაზებაა. პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ – არ ვაპირებ მათზე საუბარს, ამაზე თავად პრეზიდენტი ილაპარაკებს – კარგი შეთავაზება. შეთავაზება უკრაინის შესახებ, რომელიც, მათ შორის, ალასკაში დონალდ ტრამპმა მოისმინა. […] აი, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი [პუტინი] არაფერს მიმალავს. ჩვენ სელექტორით, ამიტომ ვისხედით დიდ ხანს, მასთან ერთად სელექტორული კავშირით გენერალური შტაბის ანგარიში მოვისმინეთ. მისმინეთ, ყველა ფრონტზე და განსაკუთრებით ზოგიერთ მონაკვეთზე, პირადად ვაკვირდები ამ მონაკვეთებს, რუსებმა ფაქტობრივად მსხვილი დასახლებული პუნქტები დაიკავეს. […] ამიტომ, იმისთვის, რომ მთლიანი უკრაინა არ დაკარგოს, ვლადიმირ ალექსანდროვიჩმა არა მხოლოდ უნდა ილაპარაკოს, არამედ მისთვის სასარგებლო პირობებს უნდა დათანხმდეს.”. – თქვა ლუკაშენკომ