„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა.
საარჩევნო შტაბი თავად მერობის კანდიდატმა, თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გახსნა.
“მინდა, პრემიერ-მინისტრს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც ის ჩვენს ქალაქში განსახორციელებელი პროექტების მიმართ იჩენს. ამ მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება საუბარი ქალაქის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ერთიანი ძალიხსმევით შევძლებთ, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებობს, ღირსეულად გავუმკლავდეთ. ჩვენი ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას.
ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელი. ამიტომ, მინდა, შტაბის ხელმძღვანელად წარმოგიდგინოთ ლევან მაჭავარიანი, რომელსაც ყველანი კარგად იცნობთ. ის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი გუნდის წევრია, ღირსეული ადამიანია და მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის მხრიდან აქვს ძალიან დიდი ნდობა. მას აქვს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ პირველივე ტურში უნდა გავიმარჯვოთ და დავამთავროთ არჩევნები. ამ მეტად საპასუხისმგებლო ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი, ყველას თანადგომა ლევან მაჭავარიანის და ჩვენი გუნდის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც რეალურად შეუძლია, შეინარჩუნოს და დაამყაროს გრძელვადიანი მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს განვითარება, აღმშენებლობა, კეთილდღეობა. სხვანაირად შეუძლებელია. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა, ულამაზესი სამშობლო გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად, ამით დააზიანოს დღევანდელი ვითარება და ქვეყნის მომავალი”.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნას კახა კალაძის თანაგუნდელები, მხარდამჭერები, ასევე, ბიზნესის, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ისინი განლაგებულები არიან, როგორც ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ, ასევე ფილარმონიასთან