ირაკლი კობახიძემ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს, ისლამური ქვეყნების ელჩებს ყურბან ბაირამი მიულოცა – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა.
“ჩვენი ქვეყანა ამაყობს როგორც ეროვნული, ისე რელიგიური მრავალფეროვნებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ურთიერთობები, ის მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს შორის. ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მუსლიმი თემის ინტერესებზე და ეს ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ჯუმა მეჩეთში შეკრებილთ სიტყვებით მიმართეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვიმა. ღონისძიებას სასულიერო პირები, მრევლი და დიპლომატები ესწრებოდნენ. 6-9 ივნისს, მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს – ყურბან ბაირამს ზეიმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში