პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის $2.2 მილიარდის ოდენობის დაფინანსებას გაყინავენ მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უარი თქვა მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
“ჰარვარდის დღევანდელი განცხადება აძლიერებს შემაშფოთებელ პრივილეგირებული განწყობის მენტალიტეტს, რომელიც ენდემურია ჩვენი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისთვის – რომ ფედერალურ ინვესტიციას არ ახლავს პასუხისმგებლობა, დაცული იყოს სამოქალაქო უფლებები”. – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაერთიანებულმა სამუშაო ჯგუფმა.
14 აპრილს ჰარვარდის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა, განაცხადა, რომ უარი განაცხადა ადმინისტრაციის მხრიდან წინა კვირას წამოყენებულ მოთხოვნებზე, რომელიც, მისი თქმით, “მთავრობის მხრიდან ჰარვარდში ინტელექტუალური გარემოს პირდაპირი რეგულირების” მცდელობა იყო:
“ჩვენ ადმინისტრაციას იურიდიული წარმომადგენლის მეშვეობით ვაცნობეთ, რომ მათ მიერ წარდგენილ შეთანხმებას არ მივიღებთ. უნივერსიტეტი არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას და არ იტყვის უარს თავის კონსტიტუციურ უფლებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ განსაზღვრული ზოგიერთი მოთხოვნის მიზანი ანტისემიტიზმთან ბრძოლაა, მათი უმეტესობა ჰარვარდში მთავრობის მხრიდან ინტელექტუალური გარემოს რეგულაციას წარმოადგენს”.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ წერილში ჰარვარდს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის უნივერსიტეტის მხრიდან მმართველობის სტრუქტურისა და მიღების პროცესის რეფორმა, კერძოდ, ისეთი საერთაშორისო სტუდენტების მიღებაზე უარის თქმა, რომლებიც “მტრულად არიან განწყობილი ამერიკული ღირებულებების მიმართ
ამასთანავე, ადმინისტრაცია ჰარვარდისგან ე.წ. DEI პროგრამებისა და პოლიტიკის [Diversity – მრავალფეროვნება, Equity – თანასწორობა, Inclusion – ინკლუზიურობა] შეწყვეტას ითხოვდა.