ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home პოლიტიკა ბერბოკი – პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ მიზნობრივ სანქციებს ქართული ოცნების წინააღმდეგ

ბერბოკი – პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ მიზნობრივ სანქციებს ქართული ოცნების წინააღმდეგ

by admin

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად განიხილავს ქართული ოცნებისთვის სანქციების დაწესებას, დაწყებული უვიზო რეჟიმით, დამთავრებული მიზნობრივი სანქციების დაწესებით. შესაბამის განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს:

“ბებიები, რომლებიც ითმენენ ყინვას და არ უშინდებიან ძალოვანების ხელკეტებს. წყლის ჭავლის წინ მდგარი დასველებული ახალგაზრდები, რომლებსაც თან არაფერი აქვთ, ევროპული დროშების გარდა. სასტიკად ნაცემი და დაკავებული ოპოზიციის ლიდერები. რამდენიმე კვირის განმავლობაში ათობით ათასი ქართველი ყველაზე პატარა სოფლებსა და უმსხვილეს ქალაქებში გაბედულად მართავს დემონსტრაციას ევროპული მომავლისთვის.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი ევროპას გულით ატარებენ და პროევროპული პროტესტები მათი ხმაა. თუმცა, ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირები მათ დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ.

ანტიევროპული გადახვევით ქართულმა ოცნებამ განზრახ გადადო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამით ფაქტობრივად შეაჩერა ეს [პროცესი]. ქართული ოცნების სულ უფრო მეტად ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ, ევროკავშირში უნდა განვიხილოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალური შეჩერება.

2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების მკაფიო დაპირებებს უკავშირდებოდა. ეს ყოველთვის ნათელი იყო ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირებისთვის. თუმცა, პროგრესის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას: არჩევნები, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, არაპროპორციული ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ან ლგბტქი უფლებების შეზღუდვა. ქართული ოცნება ამ გზით კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს.

ბოლო კვირებსა და თვეებში ქართულმა ოცნებამ ქვეყანა სულ უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა გერმანიასთან საქართველოს პარტნიორობას, რომელიც ათწლეულებს ითვლის. პასუხად ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დაწყებული ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან, დამთავრებული მიზნობრივ სანქციებამდე.

ბურთი ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველი ხალხისთვის რეალური პერსპექტივების შესათავაზებლად – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მაგრამ უმთავრესად, ყველა ქართველისთვის კარგი მომავლისთვის”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay